ჩართულობის სამთავრობო კომისიის სხდომაზე სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების გზები განიხილეს

13 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით ჩართულობის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების გზები განიხილეს.

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილ კომისიის შემადგენლობაში სხვადსხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები (მინისტრის მოადგილეები) შედიან.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, შეხვედრაზე დაისახა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიწყოს ინიციატივის აღსრულება.

“დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ ის ახალი ინიციატივები, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 4 აპრილს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს  განსახილველად გადაუგზავნა. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. იქნება საპარლამენტო განხილვები, უახლოესი ბიუროს სხდომაზე ჩაინიშნება ცვლილებათა პაკეტის განხილვის გრაფიკი.

„თუმცა, გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, აღნიშნულ ინიციატივას ასევე გააჩნია ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ა.შ. კომპონენტებიც. ასე რომ  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი უწყებები ჩართულნი იყვნენ მის იმპლემენტაციაში, განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები და კომპეტენციის მიხედვით მათი ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა გაიწეროს“ , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მოგეხსენებათ, გასულ კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა -  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმოადგინა, რომლის მიზანიც  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება,  ხელშესახები სარგებლის მიღება, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობის წახალისებაა.