შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია National War College-ს დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გაცნობა იყო. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სტუმრებს განგრძობადი ოკუპაციის შედეგად ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილი გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთან გამკლავება მათ ყოველდღიურად უხდებათ.
საუბარი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასაც შეეხო. ლაშა დარსალიამ National War College-ს სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო და ინიციატივის ძირითად მიმართულებებსა და მიზანზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა იმ შეღავათებსა და სარგებელს, რომელთაც იგი მოიაზრებს. მიმოიხილეს თუ რა კონკრეტულ სიკეთეებს მოუტანს ინიციატივის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გასულ კვირას წარმოადგინა ინიციატივა, რომლის მიზანი გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.