ლაშა დარსალია პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა

16 აპრილი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა. სხვადასხვა სოფლის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს მან სამინისტროს აპარატის მუშაობა გააცნო, იმ პროგრამების შესახებ ესაუბრა, რაც ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად ხორციელდება და კითხვებს უპასუხა.

ლაშა დარსალიამ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა  ყურადღება საგანმანათლებლო პროგრამებსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე  გაამახვილეს.  

„ბავშვებს ძირითადად განათლებასთან და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდათ და კითხვებიც ამ მიმართულებით დასვეს. აინტერესებდათ თუ რა პროგრამები არსებობს რეგიონში განათლების მისაღებად და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ მათ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაზე ვესაუბრეთ და გავაცანით სამომავლო გეგმები - თუ რას აპირებს სახელმწიფო რეგიონებში სხვადასხვა სფეროს განვითარებისათვის“,-  განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ინტეგრაციის პროცესში აქტიური კომუნიკაციისა და იდეების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველმა მექა ხანგოშვილმა. მისი თქმით, ახალგაზრდებმა არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოაყენეს.  

„ამ ჯგუფში იყვნენ არა მხოლოდ პანკისელი ქისტები, არამედ ხეობაში მცხოვრები ფშაველი ბავშვებიც და პანკისთან მდებარე სოფელ მატანის სკოლის მოსწავლეები.  სახელმწიფო მინისტრის აპარატში შეხვედრა მათივე თხოვნით გაიმართა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ვიზიტები ინტეგრაციის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ბავშვებს შეკითხვები ძირითადად განათლების სფეროსთან დაკავშირებით ჰქონდათ, რაც ძალიან დამაიმედებელია. გამოთქვეს ინიციატივები ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისათვის. ძალიან მახარებს, რომ  ახალგაზრდები ამაზე ფიქრობენ და ასეთი საღი ინიციატივები აქვთ. ინტეგრაციის თვალსაზრისით, ისინი ძალიან კარგი მაგალითები იქნებიან სხვა ბავშვებისთვისაც“,- აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.

გიორგი მოკვერაშვილი, სოფელ საკობიანოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე: „შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. მე კითხვები ძირითადად განათლებასთან დაკავშირებით დავსვი, რადგან მომავალში უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ. ვისურვებდი, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდეს, ახალგაზრდები ბევრ საჭირო რამეს გაიგებენ. ასეთი ვიზიტები  ძალიან კარგია ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობადაც.“