შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ნატოს დღეები 2018“ ფარგლებში მშობლიურ, ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლას ეწვია.
სახელმწოფო მინისტრი სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
„დღეს ვიმყოფები ჩემს მშობლიურ ქუთაისში, ვხვდები ჩემს მასწავლებლებს და ამ სკოლის ძალიან ნიჭიერ მოსწავლეებს. მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ სკოლაში დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა, ძალიან მეამაყება, რომ ქუთაისის მესამე საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ვარ.
პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, როგორ ვუმკლავდებით იმ მთავარ გამოწვევას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია გადაუჭრელი კონფლიქტების სახით. ჩვენი სამინისტრო კურირებს საკითხებს, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკას ეხება, ბუნებრივია ჩვენი საუბარი ამ თემასაც შეეხო. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ , რა კეთდება იმისთვის, რომ მომავალში მათ იცხოვრონ ერთიან, განვითარებულ საქართველოში“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა
მოსწავლეებმა სახელმწიფო მინისტრს სკოლის შემოქმედებით ცხოვრებაც გააცნეს: დაათვალიერებინეს საკუთარი ნახატები, შეასრულეს საკონცერტო ნომრები.
საგანმანათლებლო პროექტს „დაბრუნება სკოლაში“, საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ ახორცილებს. უკვე მეოთხე წელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მშობლიურ სკოლებში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრებს მართავენ და მათ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.