„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის
აკადემიამ „ახალგაზრდა ევროპელ ელჩებსა“ და პანკისელ მოსწავლეებს უმასპინძლა. მათ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ჩხეტიანთან ერთად აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციას გაეცნენ.
ახალგაზრდებმა მოისმინეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ბოლქვაძის ლექცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.
პროექტის მონაწილეებსა და იუნკერებს სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ და საქართველოს გაეროს ასოციაციის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA] ხელმძღვანელმა, ლაშა ჯუღელმა.
„ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იყვნენ პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ მონაწილეები და ახალგაზრდები პანკისის ხეობიდან, რომელთაც საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ საინტერესო ლექციას და მოესმინათ მეტად საჭირო ინფორმაცია ევროპისა და ნატოს შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარდა, რაც აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირებულობას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩხეტიანმა ღონისძიებას უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ ამ გზით დამსწრე საზოგადოება იღებს სასარგებლო ინფორმაციას იმ სიკეთეებზე, რაც საქართველოს ნატოდან და ევროკავშირიდან აქვს.
„ჩვენ უკვე არაერთი წელია ვთანამშრომლობთ როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ისე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და აქტიურად ვართ ჩართულები თუნდაც „1+4“ სტაჟირების პროგრამაში. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ეთნიკური უმცირესობების არაერთი წარმომადგენელი გადის სტაჟირებას,“ - აღნიშნა დავით ჩხეტიანმა.
ღონისძიებაზე ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროექტის მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ბოლოს კი გაიმართა სამხედრო სადილი იუნკერებთან ერთად.
პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ 2017 წლის ოქტომბრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის (PITA) პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდებოდა.
პროექტის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დასავლური ღირებულებების გაცნობა.
პროექტი მოიცავდა ორ ეტაპს: მონაწილეთა გადამზადება და ტრენინგები რეგიონებში. პირველ ეტაპზე შეირჩა 30 ახალგაზრდა შემდეგი ქალაქებიდან: თბილისი, თელავი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა. მათ გაიარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი თანატოლ-განმანათლებელთა ინტენსიური ტრენინგ-კურსი. პროექტის მეორე ეტაპზე კი ჩატარდა ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასთან.
პროექტის ფარგლებში აღნიშნული რეგიონების 50 სოფელში ჩატარდა 70-მდე ტრენინგი. საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიიღო 1700-მდე მონაწილემ.