არასამთავრობო ორგანიზაციებს IPRM-ს შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ

25 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს,  გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  (IPRM) 2018 წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებზე იმსჯელეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი საქმიანობით აღნიშნული პროექტი უკვე ორი წელია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს რეგულარულად ეცნობათ ინფორმაცია IPRM-ის შეხვედრებზე არსებული სიტუაციის შესახებ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ზვიადაძემ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობა მეტად მნიშვნელოვანია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებული უსაფრთხოების სიტუაციის შესახებ. ჩვენი მხრიდან კი აქცენტი სოციალურ თემატიკაზე გაკეთდა- გადაადგილების თავისუფლებაზე, უკანონო დაკავებებზე და ა.შ. მონაწილეები დაინტერესდნენ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებით და მათ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდეთ.

„მსგავსი შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება. მომდევნო ჯერზე იგი  რეგიონებში ჩატარდება. კერძოდ ერგნეთში, სოფელ ხურჩასა და სოფელ პერევში, რათა  უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინოთ იმ პრობლემების შესახებ, რაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან „კავკასიური მოზაიკა“, „განათლება და სამყარო“, „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობა“, „მწვანეთა მოძრაობა“, ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და ა.შ. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.