დამოუკიდებლობის დღეს გამართულ ღონისძიებებს გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეები დაესწრნენ

26 მაისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცენტრალურ ღონისძიებებში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების - ქარელის, კასპისა და გორის რაიონის გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ოცმა    უფროსკლასელმა მიიღო მონაწილეობა.

მოსწავლეები თავისუფლების მოედანზე წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების  ცერემონიალს დაესწრნენ.  შეხვდნენ  სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, მასთან ერთად დაათვალიერეს რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი ექსპოზიციები და ჩაერთვნენ სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში.

ახალგაზრდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერებისა და ფინანსთა მინისტრებმა უმასპინძლეს. ეწვივნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეს და გაეცნენ თსუ-ს დაფუძნების, პირველი რესპუბლიკის ისტორიისა და 1918-1921 წ/წ განათლების სისტემის ამსახველ დოკუმენტებსა და ფოტომასალას.  

„ამ დღეს ვზეიმობთ ულამაზეს გოგო-ბიჭებთან ერთად, რომლებიც მავთულხლართებით გახლეჩილი სოფლებიდან არიან.  ისინი დედაქალაქში სპეციალურად ჩამოვიდნენ, რათა ამ საზეიმო სულისკვეთების ნაწილი გახდნენ. მათი აქ ყოფნა არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ იმედისა და რწმენისა, რომ მეტი განათლებით, მეტი განვითარებით, უკეთესი მომავლის პერსპექტივით, მშვიდობითა და სწრაფვით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ, ნდობისა და ხიდების მშენებლობით აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყნის გამთლიანებას, მავთულხლართების დაშლას და ერთიან, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას. სახელმწიფოში, სადაც თითოეული მოქალაქე განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, დაცულია.

„ამ ბავშვებთან ერთად მინდა ყველას მოგილოცოთ 26 მაისი, ასი წლის იუბილე და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მშვიდობით აუცილებლად ვიმოძრავებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისაკენ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.