მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივასთან „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ერთ ძირითადსა და რვა თანმდევ კანონში შესული ცვლილებები დეპუტატებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარუდგინა.
აღნიშნულ პლენარულ სესიამდე, საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მეორედ განიხილეს, სადაც თითოეულ სიახლეზე დეტალურად იმსჯელეს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს საინტერესო კითხვებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„ცვლილებები შედის კანონში „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ.“ ცვლილებებს კანონმდებლები დადებითად შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტმა სამშვიდობო ინიციატივისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მათ შორის, მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ახალ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მესამე მოსმენა საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში გაიმართება.