შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.
შეხვედრა სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნეს და ინიციატივის ფარგლებში დასახულ მიზანზე ისაუბრეს.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ამიტომ ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია.
„ვფიქრობ, ბიზნესისთვის, ეკონომიკური აქტორებისთვის ეს მიმართულება განსაკუთრებით საყურადღებოა. ვიცი, რომ ინტერესი არსებობს და დღევანდელი შეხვედრაც ამ ინტერესის საფუძველზე შედგა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა სფეროს ჩართულობა მით უფრო ბიზნესის, როდესაც საკითხი ეხება ვაჭრობას, ეკონომიკურ გაცვლას, რასაც ნამდვილად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ასევე, გამყოფი ხაზების და ხელოვნური ბარიკადების გასწვრივ ხალხის დაახლოების, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და საბოლოო ჯამში, ნდობის მშენებლობისთვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაზე , რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით ჩატარდა, დისკუსია გაიმართა. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებული კითხვები დაესვათ და პასუხები უშუალოდ სახელმწიფო მინისტრისაგან მოესმინათ.