შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს უმასპინძლა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი უკვე ყოფილ წარმომადგენელს, ბილიანა მილოშევიჩსაც გამოემშვიდობა და გასული წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
ქეთევან ციხელაშვილმა სევერინ შაპაზს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო. ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემებსა და მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. გააცნო ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებთან გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პოტენციალიც მიმოიხილა. საუბარი აგრეთვე შეეხო რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკასა და მის ცალკეულ გამოვლინებებს.
შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობის მნიშვნელობას და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.