შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უერთდება. აღნიშნული სიახლის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით საკითხები, რომელთა მოგვარებითაც რელიგიის სააგენტოა დაკავებული, მჭიდროდაა დაკავშირებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპთან.
“ზოგადად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართული უნდა იყოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ცხადია, რომ ეს გახლავთ საკითხი, რომელიც აქტუალურია, მნიშვნელოვანია და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა. დღემდე ის უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იყო. მისი მისია მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში, ისტორიულ გამოცდილებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა.