„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 ადამიანია

26 ივნისი 2018
პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე დღეს დამტკიცდა. 

სიაში 33 ადამიანი მოხვდა, რომელთა მიმართაც ყველა ის ღონისძიება განისაზღვრა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსასრულებლად გატარდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დადგენილებას უმნიშვნელოვანესი უწოდა  და განაცხადა, რომ ეს 33 პირი  ბრალდებული, ან მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულებებისათვის.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ მძიმე დანაშაულებები ჩაიდინეს და რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი წარმოება, ან წარსულში მიმდინარეობდა. ცხადია, აქ შესულია ტატუნაშვილის საქმეში ბრალდებული დავით გურწიევი და  ალიკ ტაბოევი და ოთხოზორიას საქმეში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება.

„პარლამენტის რეზოლუციით განისაზღვრა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ. ამაში შედის ყველა შესაძლო შეზღუდვა, მათ შორის ქონებრივი, ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ასევე განისაზღვრა ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან მის აღსრულებაზე და ესენია იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. ისინი ამავდროულად პარლამენტს და მთავრობას აღსრულების თაობაზე ანგარიშს წარუდგენენ. ეს სია არ არის დახურული, რამდენადაც სამართალდამცავი უწყებების მიერ გამოძიება გრძელდება. ახალი ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია იგი გაფართოვდეს და ჩამონათვალს სხვა პირებიც დაემატონ “, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, სია  პარლამენტს გადაეგზავნება, რომელიც დაამტკიცებს და ამის შემდეგ საჯარო გახდება.