ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობითა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, დასრულდა.
დასკვნით შეხვედრაზე მონაწილეებს სერტიფიკატები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი რაზმაძემ გადასცეს.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის შეფასებით კურსი ნაყოფიერი იყო, ვინაიდან მისი მეშვეობით მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით არსებულ სიახლეებზე. დარსალიას თქმით, კურსდამთავრებულებს უკვე შეუძლიათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
„აღნიშნული პროექტები ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსახლეობამ, ამ შემთხვევაში ქვემო ქართლში მცხოვრებმა ქალბატონებმა, მათ შორის უმცირესობების წარმომადენლებმა, მიიღონ სათანადო ინფორმაცია, რათა კიდევ უფრო წარმატებულები გახდნენ. ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებულობა ინოვაციების შესახებ“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.
კონკურსის შედეგად შერჩეულმა თექვსმეტმა მსმენელმა სასწავლო/სატრენინგო კურსი გაიარა, რომელიც მოიცავდა ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენას სხვადასხვა თემაზე. მათ შორის: ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება; ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა; მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა; ბიზნეს მოდელირება; კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და ა.შ.
სასწავლო კურსის მიზანი მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება იყო.