ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს მუნხტუია ალტანგერელს შეხვდა

6 ივლისი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს მუნხტუია ალტანგერელს, აფხაზეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) მენეჯერს ფედერიკა დისპენზასა და აფხაზეთის რეგიონში პროექტის "ჰორიზონტი" (Horizons) ხელმძღვანელს კუმარ სრინივას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო,   მიმოიხილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა, ადამიანის უფლებები დარღვევის ფაქტები, სხვა არსებული გამოწვევები და სირთულეები.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და ახალ  სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.  ხაზი გაესვა შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას და ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას.

განიხილეს აფხაზეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და პროექტის "ჰორიზონტი" (Horizons) მიმდინარეობა და მათ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. აღინიშნა ამ პროექტების განხორციელების საჭიროება და კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობა. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობას.