შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორს დაფნე ბერგსმას შეხვდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები.
საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სფეროში საქართველოს მთავრობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სტუმარს დეტალურად გააცნო საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. იმსჯელეს სამშვიდობო გეგმის განხორციელების გზებსა და პერსპექტივებზე.
ლაშა დარსალიამ იმ პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა, რასაც სახელმწიფო სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ახორციელებს. აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვისთვის ზრუნვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა.
აქვე მან ხაზი გაუსვა ამ მიზნის შესასრულებლად, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განკუთვნილი პროგრამების მნიშვნელობას. სტუმარს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამა “1+4“, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის და სახელმწიფო ენის შესწავლისთვის დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.