„მინდა მადლიერება გამოვხატო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკის მიერ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთსი მომავლისკენ“ მიმართ ევროკავშირის ცალსახა და მკაფიო მხარდაჭერის ხაზგასმის გამო”,- ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მიერ სამშვიდობო ინიციატივის მიმართ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას.
„ამ ინიციატივას ჩვენი პარტნიორების მხრიდან აქვს უპრეცედენტოდ მაღალი და ერთსულოვანი მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვლეოვანია მისი წარმატებული განხორციელებისათვის მიმდინარე ოკუპაციისა და შედეგად არსებული გამოწვევების ფონზე,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მხარდამჭერი განცხადებები ევროსაბჭოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც დონალდ ტუსკს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
„მივესალმები საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს ახალი სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. ჩვენ გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ საქართველოს ამ პროგრამის განხორციელებაში,“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკიმ.
ამასთანავე, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს პრემიერ მინისტრ-მამუკა ბახტაძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეხვედრისას.
ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და პოზიტიურად შეფასდა, როგორც საქართველოს მთავრობის პოლიტიკა - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით, ისე ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". იოჰანეს ჰანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.
სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმართ ღია მხარდაჭერა დაფიქსირდა
ნატოს კომუნიკეში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და
ევროპარლამენტის რეზოლუციაში.არაერთი ქვეყანა გამოქვეყნებისთანავე გამოეხმაურა ამ ინიციატივას, როგორც სამშვიდობო პროცესში წინგადადგმულ დინამიურ ნაბიჯს, რასაც აქვს პოტენციალი არსებითად შეუწყოს ხელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნდობის მშენებლობასა და დიალოგს გამყოფი ხაზების გასწვრივ და სამშვიდობო პროცესის წახალისებას კონფლიქტის მშვიდობიანი და სრულმაშტაბიანი გადაჭრისაკენ.
შერიგებისა და სამოქალაქო საკიხებში სახელწმიფო მინისტრის აპარტის მიერ მომზადებული სამშვიდობო ინიციატივა „
ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მთავრობამ 4 აპრილს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა. საქართველოს პარლამენტმა კი 6 ივნისს სამი მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.