ქეთევან ციხელაშვილი: გერმანიისთვის არ არის უცხო ის, თუ რას ნიშნავს ხელოვნური ბარიკადებით გახლეჩილ ქვეყანაში ცხოვრება

23 აგვისტო 2018
"საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი და მის მიერ გაკეთებული განცხადებები არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ სამშვიდობო კურსს არ გააჩნია ალტერნატივა“. ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში.

"ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან ხდება უსამართლობა და რუსეთის პრეზიდენტისთვის მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. კანცლერის განმარტებით, ეს უსამართლობა წარსულს უნდა ჩაბარდეს. მან დასძინა, რომ დღესაც, როგორც 10 წლის წინ, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის კონფლიქტის დარეგულირებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის მოსმენა ანგელა მერკელისაგან, რომელიც თავად აღმოსავლეთ გერმანელია და რომელიც ბერლინის კედლის მიღმა გაიზარდა. მისთვის, და მთლიანად გერმანიისთვის, არ არის უცხო ის, თუ რას ნიშნავს ხელოვნური ბარიკადებით გახლეჩილ ქვეყანაში ცხოვრება. ამავდროულად გერმანია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაინგრეს ეს ხელოვნური კედლები.

"ის ფაქტი, რომ გერმანიის ლიდერი საქართველოს რუსეთ - საქართველოს ომიდან მეათე წლისთავზე ეწვია, არის უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი და სიმბოლო ამ ქვეყნის მხრიდან. ოფიციალურმა ბერლინმა არაერთხელ გამოაცხადა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა. მაგალითად, სულ ცოტა ხნის, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთეს მომავლისკენ“.

"ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებს და იმ პოლიტიკური კურსს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ატარებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ოკუპირებული რეგიონების მიმართებაში", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.