ქეთევან ციხელაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

24 სექტემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან საქართველოში ულრიკ ტიდესტრომთან  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო. ისაუბრა როგორც სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე, ისე ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ის რთული ჰუმანიტარული გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც, მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, ყოველდღიურ რეჟიმში უწევს.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“,  რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს. გააცნო ინიციატივის განხორციელების პროცესში გადადგმული ნაბიჯები. აქვე მან ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. მხარეებმა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და იმედოვნეს, რომ ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერი იქნება.