ქეთევან ციხელაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის წევრებს შეხვდა

26 სექტემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის წევრებს რენე დანესის და ჟიზელ ჟურდას შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე ისაუბრეს. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს დეტალურად გააცნო ის მიმართულებები, რომლებზეც აპარატი მუშაობს.

მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და პრობლემატიკა. სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები დგანან. სტუმრები გამყოფ ხაზთან ჩასვლას და მდგომარეობის ადგილზე გაცნობასაც გეგმავენ.

შეხვედრაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკაც განიხილეს. ისაუბრეს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“,  რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს.

ხაზი გაესვა საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტების მოგვარების საქმეში. აქვე ქეთევან ციხელაშვილმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.