ქეთევან ციხელაშვილი - „სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი ფაქტები საერთოდ არ ხდებოდეს“

9 ოქტომბერი 2018
„ამ შედეგის მიღწევა იყო გასული დღეებისა  და 24 საათიანი სამუშაო რეჟიმის მთავარი მიზანი“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გატაცებული მაია ოთინაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოფელ ბობნევში, ოთინაშვილის ოჯახში  გააკეთა, სადაც იგი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელთან, თამთა გოგუაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ოთინაშვილის ოჯახში დღეს სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც გათავისუფლების პროცესში იყვნენ ჩართულები.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ბოლო დღეების მთავარი ამოცანა - ქალბატონის გათავისუფლება და შვილებისათვის დედის დაბრუნება მიღწეულია. თუმცა, გრძელდება მუშაობა მეორე უმთავრესი მიზნის - მსგავსი ფაქტების აღმოფხვრის მისაღწევად.

„ფაქტთან დაკავშირებით შეფასება მხოლოდ ერთგვარი შეიძლება იყოს - მორიგ, აბსოლუტურად უკანონო ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაია ოთინაშვილი ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, თავის საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. პირველი დღეების განმავლობაში კომუნიკაციის საშუალებაც კი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მექანიზმი მყისიერად ჩაერთო.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა აპარატმა და აბსოლუტურად ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ, კომპეტენციიდან გამომდინარე, ხელთ არსებული ყველა მექანიზმის მობილიზება მოახდინა - ფორმალურის, არაფორმალურის და მთელი ამ ერთობლიობით დღეს ეს შედეგი დადგა. ნებისმიერი მსგავსი უკანონობისას და  უსამართლობისას, მთავარი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ისაა, რომ ადამიანი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს. თუმცა, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი ფაქტები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოდან და ჰუმანურობის პრინციპებიდან, საერთოდ არ ხდებოდეს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, უკანონო დაკავებები და მსგავსი ფაქტების პრევენცია ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც, რომლის მორიგი რაუნდიც სწორედ დღეს იმართება.

„ამ დღეებში არაერთი სხვა შეზღუდვის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. მათ შორის  ე.წ. ჯარიმების გაზრდის თაობაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტის შეტანის გართულებაზე და ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო წყაროთი  დაკავებული პირების შესახებ სტატისტიკაც გამოქვეყნდა. ძალიან საყურადღებოა ის, რასაც მე არაერთხელ გავუსვი ხაზი და რაც ამ პოლიტიკის აბსურდულობაზე მეტყველებს - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები გაცილებით მეტი ადამიანია დაკავებული და არ ეძლევა საშუალება  კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდეს, ვიდრე პირიქით. ანუ, რუსული წყაროებითაც კი დასტურდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბევრად მეტი ადამიანი ზარალდება მავთულხლართების პოლიტიკით, რომელთაც სურთ და სჭირდებათ საქართველოს  დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება. ეს არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა. ჩვენი ამოცანა მოლაპარაკებებისა და ნებისმიერ სხვა ფორმატში ისაა, რომ ადამიანებს გადაადგილება გაუადვილდეთ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

37 წლის მაია ოთინაშვილმა უკანონო პატიმრობაში 11 დღე გაატარა.