ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

18 ოქტომბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცერს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო.  ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე, დეტალურად მიმოიხილა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები.

საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას. იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ყველა იმ შეღავათზე, რასაც იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვის ითვალისწინებს. ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზეც მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრეს სამშვიდობო გეგმის განხორციელების გზებსა და პერსპექტივებზე.

ასევე, განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობა. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების საქმეში  ევროკავშირის ჩართულობის როლსა და მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს მხარდაჭერისა და კოორდინირებული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და  ერთმანეთს  წარმატება უსურვეს.