"თითოეულ ჩვენგანს, იქნება ეს ქართველი, სომეხი, ებრაელი,აზერბაიჯანელი, ოსი თუ აფხაზი, ერთი ცა, ერთი მიწა და ერთი სამშობლო გვაქვს"

18 ნოემბერი 2018
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ახალციხეში საზეიმო კონცერტითა და თეატრალური წარმოდგენით დაიხურა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ხელოვნების ფესტივალზე  "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი"  დამსწრე საზოგადოებას  ქეთევან ციხელაშვილმა მიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა ტოლერანტობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალციხე უნიკალური ადგილია, რადგან აქ  არაერთი ეთნოსი თანაცხოვრობს მშვიდობიანად, ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს ადგილი თავად არის სიმბოლო ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის. 
"დღეს ჩვენი მრავალფეროვნება და მრავალკულტურულობა ვიზეიმეთ. ახალგაზრდებმა თავიანთი კულტურის ნაწილი, ქართული კულტურა წარმოადგინეს, რამაც ძალიან ლამაზი მოზაიკა შექმნა. ამ კონცერტით, რომელიც ტარდება ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ" ფარგლებში, ჩვენ ტოლერანტობის კვირეულის აღნიშვნა დავასრულეთ და ამით ვთქვით, რომ ყველა ჩვენგანს, იქნება ეს ქართველი, სომეხი, ებრაელი,აზერბაიჯანელი, ოსი, აფხაზი თუ ა.შ. გვაქვს ერთი ცა, ერთი მიწა, ერთი სამშობლო და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა დიახარჯოს საერთო სიკეთისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. სახელმწიფო ვალდებულია ამის პირობები შექმნას და ამისათვის მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა სამცხე -ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.