პანკისელი პედაგოგებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სემინარი ტარდება

20 დეკემბერი 2018
პანკისის ხეობის სკოლების დირექტორებისა და პედაგოგებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სემინარი დაიწყო.  ორდღიანი სემინარი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტია, სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს.

მონაწილეებს აგრეთვე მიესალმნენ  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ვახტანგ მახარობლიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში  კარლ ჰარცელი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე.

20 პედაგოგი პანკისის ხეობიდან 2 დღიან სემინარზე გაეცნობა ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს საკითხებს და ა.შ.

პანკისის ხეობის პედაგოგებისათვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიზანია  ინფორმირებულობას, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას  შეუწყოს ხელი. პროგრამის მეორე ეტაპზე მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრებიან.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტია, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი გაცნობიერებული არჩევანი იყოს და მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს თუ რას ნიშნავს  აღნიშნული მისწრაფება და როგორ აისახება იგი  თითოეულ მათგანზე.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა ამ ადამიანების მიმართ, რადგან პანკისის სკოლებში ჩვენი სამაგალითო მოქალაქეები იზრდებიან. ძალიან ბევრი მოსწავლე წარმატებით აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, მათ ძალიან კარგი მოსწრება აქვთ და პედაგოგებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. მითუფრო იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნისათვის უცხო არაა რუსული პროპაგანდა, რომელიც ცდილობს ევროპისა და ევროინტეგრაციის შესახებ მითები და სტერეოტიპები შექმნას.

„ამიტომაც არის აღნიშნული პროექტი ასეთი მნიშვნელოვანი, რომელიც პანკისის განვითარების გეგმის ნაწილია. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას პედაგოგებთან, მოსწავლეებთან თუ ზოგადად მოსახლეობასთან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.