შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა, რომელიც საქართველოში დევნილთა საკვანძო დასახლებებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საჭიროებებს ეხება.
კვლევა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად მომზადდა და ექსპერიმენტულ, ხარისხობრივ და რაოდენობრივ მეთოდებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ იგი ფოკუსირებული იყო სამეგრელო -ზემო სვანეთზე, იმერეთზე, ქვემო ქართლსა და აჭარის ავტომომიურ რესპუბლიკაზე. კვლევის ფარგლებში გამოკითხვა ჩატარდა დევნილთა 19 კომპაქტურ დასახლებაში.
სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან კვლევის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი უაღრესად საინტერესოა, ვინაიდან დევნილებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს ასახავს.
„ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის ნაწილი, რომელიც ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პერსპექტივებს უკავშირდება. მე მგონია, რომ ამ შედეგების გათვალისწინებით, ნამდვილად არსებობს იმის ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ ინიციატივა განხორციელდეს. ეს თავის მხრივ გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ. გააჩენს და გააქტიურებს კონტაქტებს, რომლებიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და საფუძველს ჩაუყრის ჩვენი შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, რომლის გარეშეც მომავალი და მშვიდობა წარმოუდგენელია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მინისტრმა სტუმრების კითხვებს უპასუხა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ამირან დოლიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და ა.შ.