„ეს არაჰუმანურია, არავის ინტერესებს არ ადგება და დამერწმუნეთ, ამ რეგიონების მოსახლეობა ძალიან წუხს. ჩვენ არაერთი მომართვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს,“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის თაობაზე გააკეთა.
სახელმწიფო მინისტმა ვითარებას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობა რთულ სიტუაციაშია.
„უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფული მდგომარეობის წინაშეა მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც დიდთოვლობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაკეტილი გახლავთ. შესაბამისად, მოსახლეობას არ აქვს წვდომა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის საკვებზე. მოცემულობა არის რთული და არასტანდარტული. სტუდენტებს ხელოვნურად აქვთ შეზღუდული წვდომა განათლებაზე, ისევე როგორც მოსახლეობის სხვა ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმ დღიდან, როცა ამ ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე შეზღუდვები დაწესდა და ისედაც რთული გადაადგილება კიდევ უფრო გართულდა, ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვართ ჩართული რათა ეს პრობლემა მოვაგვაროთ და გადაადგილება აღდგეს. არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან მდგომარეობა არაა ეპიდემიური და რაიმეთი უარესი წინა წლებთან შედარებით. პირიქით, გაუმჯობესებულია. ამიტომ, ეს არ არის ადეკვატური საბაბი.
„მივმართავ ყველას, რომ გადაიხედოს ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილება. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეთავაზებულია აბსოლუტურად ყველა გზა და გამოსავალი, რათა ამ საკითხს მივხედოთ და მოსახლეობას საკვების პრობლემა არ გავუჩინოთ. მოვუწოდებ, რომ ნაბიჯები აქეთკენ გადაიდგას,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.