შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კარალეთის მოსახლეობას შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივებისგან მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. სოფლის კრებაზე კარალეთის მოსახლეობამ მათთვის პრიორიტეტული იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელა, რომელთა დაფინანსებაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი.
სახელმწიფო მინისტრმა პროექტს უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რათა
3700 სოფელში მცხოვრებ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები დაუკმაყოფილდეთ, რომელთაც თავად მოსახლეობა განსაზღვრავს. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.
„15 იანვრიდან მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ყველა სოფელში ტარდება სოფლის კრება, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავად განსაზღვროს ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უნდა, რომ პირველ ეტაპზე დაფინანსდეს. რა თქმა უნდა, თანხა შეიძლება არ იყოს ისეთი, რომელიც თითოეულ სოფელში ყველა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ჩვენ ამ ნაბიჯებს ვდგამთ და გვინდა, რომ ეს იყოს მუდმივი პრაქტიკა, როდესაც თავად სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით შევძლებთ საჭიროებებზე პასუხის გაცემას და ამ სოფლების მეტად მოძლიერებას. ამგვარად მოსახლეობა სოფლებში კიდევ უფრო მეტად დამაგრდება და ისეთი საქმიანობის განხორციელებას შეძლებს, რომელიც მეტ შემოსავალსა და დოვლათს მოუტანს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ გორის მერი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.