შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ახალი მავთულხლართები გაავლეს.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სიტუაციას ადგილზე გაეცნო. შეხვდა მოსახლეობას, ესაუბრა იმ ადამიანებს, რომელთა ეზოშიც უშუალოდ გაავლეს მავთულხლართები და რუსი ე.წ. მესაზღვრეები პატრულირებენ. მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
რუსლან აბაშიძემ სიტუაციას აღმაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ პროცესი, ისედაც რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
„ახლა ვიმყოფებით ხურვალეთში, სოფელში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ამ ოჯახების დასახმარებლად და არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად ყველანაირი გზა გამოვიყენოთ. ამავდროულად, საკითხს აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა პლატფორმაზე - მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. პროცესი ცალსახად უკანონოა, რასაც ყველა შესაძლო გზით გავაპროტესტებთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ხურვალეთში გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც იმყოფებოდა.