პანკისელი პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. ვიზიტის მეორე დღე მათთვის შეხვედრებითა და ინფორმაციით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. თავდაპირველად მასწავლებლები ნატო-ს შტაბ-ბინას ეწვივნენ, სადაც მათ სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა კოორდინატორმა დესპინა აფენტოულმა და ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ უმასპინძლათ.
სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიის, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს გზის, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. პედაგოგებს საშუალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო ყველა კითხვა და თითოეულ მათგანზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.
„მინდა გითხრათ, რომ ასეთი სახის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელებს პანკისის ხეობიდან, საშუალება მიეცათ ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლებთან და ჩვენთან შეხვედრის განმავლობაში სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არა მხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის თაობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან ამ შეხვედრით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე,“ - განაცხადა ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ.
მოგვიანებით პანკისელი მასწავლებლები ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენელს მეთიუ ბუსკეტს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია და სამეზობლო პოლიტიკა იყო. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. მორიგი შეხვედრა კი პანკისელმა პედაგოგებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის კაბინეტის წარმომადგენელთან, მრჩეველთან, მაგდალენა გრონოსთან გამართეს.
„აღნიშნულ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცალკეული, პედაგოგებისათვის საინტერესო საკითხების განხილვა, რომელიც საქართველოს პერსპექტივებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, მათთვის ეს ყველაზე უფრო საჭირო იყო, ვინაიდან სურთ პანკისელ ახალგაზრდებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც ევროკავშირის დახმარების პროექტები მათ უქმნის“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.
პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.