შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
რუსლან აბაშიძემ მიმოიხილა ბოლო ექვს თვეში მომხდარი ინციდენტები.მან აგრეთვე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ასახავს.