„პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა იყო, რის შედეგადაც გადაადგილება უკვე თვეზე მეტია შეზღუდულია. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ესაა ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც დღის წესრიგშია და რომელიც უამრავ ადამიანს ეხება.
„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა სრულ იზოლაციას ნიშნავს არა მხოლოდ ახალგორის რაიონის, არამედ მთლიანად ცხინვალის რეგიონისა. ათასობით ადამიანისათვის შეზღუდვის ყოველი დღე დამატებითი პრობლემაა. მათ არ აქვთ წვდომა გარკვეულ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და უკანონო ზომაა.
„ცხადია, ჩვენი პარტნიორები ყველა გზას იყენებენ იმისათვის, რომ მიმოსვლა აღდგეს. საბოლოო ჯამში კი ჩვენი ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ ზოგადად გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოფილ იქნას და მოქალაქეებს ასე ვანდალურად არ აკავებდნენ ხელოვნური ბარიკადების გადაკვეთის მცდელობისას. გადაწყვეტილების მიმღები ნებისმიერი პირი, ადამიანების წინაშე, ვალდებულია მიმოსვლა გაიხსნას და მოსახლეობას სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მიეცეს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრაზე აგრეთვე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, გაეროს ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში და ა.შ.
„მომავალში ჩვენი საერთო სტრატეგია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება, რადგან ესაა ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება დღეს ამ ძალისმიერი ჩაკეტვისა და იზოლაციის პოლიტიკას დავუპირისპიროთ,“ -დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.