ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ქეთევან ციხელაშვილი ვიზიტის მესამე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) იმყოფებოდა, სადაც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში წარმომადგენლებს ბროკ ბიერმანსა და ალექსანდ სოკოლოვსკის ამერიკაში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან ერთად შეხვდა.
ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ საუბრის ძირითადი ნაწილი მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაეთმო. USAID-ის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე. მათ ინიციატივის მიმართ მაღალი ინტერესი და კონტრიბუციის სურვილი გამოხატეს.
თავის მხრივ, ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების და კერძოდ, USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას ინიციატივის წარმატებით განხორციელების საქმეში.