შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდთან და იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, გამყოფი ხაზისპირა სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელი მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. მათ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის,რისკებისა და პრევენციის, ტრეფიკინგისა და მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ მოისმინეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინსიტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, ტრეფიკინგის ფონდისა და იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ოფისის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეულ ზემოთჩამოთვლილ თემაზე და ასევე ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელთაც სახელმწიფო ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს სთავაზობს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.
საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 10 აპრილს დაამტკიცა.