შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობისა და ანგარიშგების გაძლიერების მიზნით, ნინოწმინდაში „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2018 წლის სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშისა და 2019 წლის სტრატეგიული პრიორიტეტების პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სოფლების რწმუნებულები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვენელები ესწრებოდნენ. პრეზენტაციისას სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს სახელმწიფო ენის სწავლების კიდევ უფრო გაძლიერება წარმოადგენდა.
ლია გიგაურმა შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ მას სწორედ ის ადამიანები დაესწრნენ, რომლებიც რეგიონის განვითარებაზე მუშაობენ და თავიანთი პროექტებითა და პროგრამებით ინტეგრაციის პროცესს ხელს უწყობენ. მათ შორის ახალგაზრდები, რომელთაც „1+4 საგანმანათლებლო“ პროგრამის მეშვეობით უმაღლესი განათლება მიიღეს, რეგიონში დაბრუნდნენ და სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ.
„მათ აქვთ ხედვა და კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს რეგიონში მიმდინარე პროცესები ინტეგრაციის თვალსაზრისით, რა გამოწვევები არსებობს, რადგან მათი დაძლევის გზებზეც უკვე ნაფიქრი აქვთ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. იგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ბევრი ისეთი საკითხი წამოიჭრა, რომელთან დაკავშირებითაც მომავალში სხვადასხვა სტრუქტურასთან მჭიდრო თანამშრომლობა დაგვჭირდება.
„2019 წლის ინტეგრაციის პრიორიტეტი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება გახლავთ, ისევე როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა მაქსიმუმი გავაკეთოთ, ეს კონკრეტული პრობლემები მოგვარდეს და სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას რეგიონში ბარიერები არ ჰქონდეს,“ - განაცხადა ლია გიგაურმა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიებას ესწრებოდა მერი ანივარდ მოსოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი.