შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს რალფ რეგენვანუს შეხვდა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას ჯერ-ჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალება იყო. სახელმწიფო მინისტრის მაოდგილემ სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დროისათვის არსებული ვითარება გააცნო. მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. რუსლან აბაშიძემ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მხრივ შექმნილ სიტუაციას.
ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით და ამ კუთხით სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯებით დაინტერესდა. ყურადღება გამახვილდა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს.