შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
სკოლის მოსწავლეებმა დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თქმით, ნოვრუზ ბარამი სახალხო დღესასწაულია და იგი გაზაფხულის მოსვლას, სიკეთეს, სითბოს, სინათლესა და ბუნების გამოღვიძებას უკავშირდება.
„მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და რაც მთავარია, მშვიდობა თითოეულ ოჯახსა და მთელ საქართველოში. საქართველო მრავალეთნიკური, ერთი დიდი ოჯახია, რომლისთვისაც მშვიდობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა ჩვენს ბავშვებს მშვიდი ცხოვრების, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ჰქონდეთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნოვრუზ ბაირამის პირველი ზეიმი სკოლაში შედგა და მასში ბავშვები მონაწილეობდნენ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საქართველოს კულტურისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა აქტივობა გვიჩვენეს. ისინი გამართული ქართულით საუბრობენ, ვინაიდან მათ მშობლებს, მასწავლებლებს აქვთ რწმენა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა - თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს ქართული ენა და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც სახელმწიფო სთავაზობს, სწორედ, მათი ბედნიერებისა და მომავალი წარმატებისთვის წინაპირობაა. თითოეული მათგანის გამოსვლამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ერთიანობისა და სიძლიერის საწინდარია. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მთელმა საქართველომ გაიზიაროს ჩვენი თანამოქალაქეების სიხარული, რაც საუკუნეების მანძილზე ტრადიციად იქცა და აძლიერებს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.
ღონისძიებას მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.