შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პანკისის ხეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ხეობაში მცხოვრები ქალებისათვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ დასრულდა. მონაწილე ქალბატონებს დღეს სერთიფიკატები სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილე გიორგი რაზმაძემ გადასცეს. საუკეთესო იდეის ავტორებმა კი საკუთარი ბიზნესგეგმის განსახორციელებლად გაეროს ქალთა ორგანიზაციის გრანტიც მოიპოვეს.
“პანკისის ხეობის განვითარების პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ქალთა გაძლიერება გახლავთ, რამდენადაც თითოეული ქალბატონის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება მთელი ხეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საფუძველია.
„ამ პროექტმა ქალბატონებს საშუალება მისცა მეწარმეობასთან დაკავშირებით არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიეღოთ, არამედ შეეძინათ ის უნარები, რაც ახალი ბიზნეს იდეის ბიზნესპროექტად გადაქცევას სჭირდება. შემდგომში კი უკვე ბიზნესის წამოწყებისათვის არის მნიშვნელოვანი. ხეობის გაძლიერებისათვის ქალების გაძლიერება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და მათი ფინანსური ინკლუზიურობა, როგორც ოჯახის, ისე ხეობის განვითარების საფუძველი გახლავთ“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
სასწავლო კურსში პანკისის ხეობიდან 14 ქალი მონაწილეობდა. კურსის მიზანი ქალების სამეწარმეო უნარების ამაღლება - თეორიული ცოდნისა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება იყო.
პროექტი სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.