სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ძალისხმევით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 7 მშვიდობიანი მოქალაქის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელთა ნეშტებიც დღეს ოჯახებს გადაეცათ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში პროცესს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა, რომლის თქმითაც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოსაძიებლად და იდენტიფიცირებისათვის მუშაობა უკვე მეცხრე წელია მიმდინარეობს.
„მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე პროცესია. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ტრაგედიაზე, ტკივილზე, რომელიც არ ნელდება, მაგრამ ოჯახებისათვის იმის ცოდნა, თუ სად არიან დასაფლავებული მათი ახლობლები და შესაძლებლობა რომ ღირსეულად გამოხატონ ტკივილი, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს ახლობლების დაკარგვას ახლავს თან, ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა მადლობა ვუთხრა პროცესში ჩართულ ყველა პირს. იმედი მაქვს, რომ მუშაობა გაგრძელდება და ყველას, ვინც წლების განმავლობაში, დღემდე ეძებს დაკარგულ ახლობელს, მთავარ კითხვაზე - სად არიან და რა ბედი ეწიათ მათ, პასუხი ექნება. ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში კი მიეცემა შესაძლებლობა, რომ ახლობლის საფლავი ჰქონდეს“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს განხორციელდა. სამარხი, რომელიც სოფელ თამარაშენის სასაფლაოსთან მდებარეობდა, 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზში, რომელიც 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტის, ასევე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ფუნქციონირებს, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს.