შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ღია კარის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა.
ღონისძიებას რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის, სამხედრო მოსამსახურეებისა და იუნკერების გარდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, პანკისის ხეობის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლების უფროსკლასელებიც დაესწრნენ. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში ჩაბარების, არსებული საბაკალავრო, ქართულ ენაში მომზადებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. საშუალება მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და საცხოვრებელ პირობებს.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამავდროულად აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში თავდაცვის ეროვნული აკადემია განსაკუთრებულად საჭირო კადრებს ამზადებს.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატი ერთის მხრივ სახელმწიფოს გამთლიანებისათვის, შერიგებისა და ნდობისათვის შესაბამისი პოლიტიკის წარმართვა, მეორეს მხრივ კი ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებაზე, ინტეგრაციაზე, სრულფასოვან ჩართულობაზე, უფლებების დაცვაზე ზრუნვა და პროცესების კოორდანიცია გახლავთ. ეს იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია, რათა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და მონაწილეობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, ჰქონდეთ დასაქმების პერსპექტივა და მაქსიმალურად ახდენდნენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ აკადემიაში, რომ ქვეყნის განვითარებისა და სიძლიერისათვის მნიშვნელოვანი პროფესიის შესახებ უფრო მეტი გაგეგოთ და მიგეღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ემზადებიან აქ ახალგაზრდები, როგორ იწვრთნებიან და როგორ ძლიერდებიან. გვინდა სრულფასოვანი წარმოდგენა გქონდეთ თავდაცვის აკადემიის მისიაზე და დაფიქრდეთ იმაზე, შეიძლება თუ არა ეს თქვენი მომავალი იყოს და საკუთარი თავი ქვეყნის სამსახურში დაინახოთ,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.
მოგვიანებით ახალგაზრდებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე სპორტული აქტივობები და გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს.