2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. დღეს იგი 36 წლის გახდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ოჯახის წევრებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
“ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ის უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დამნაშავეები, ვინც მას სიცოცხლე მოუსწრაფა და ოჯახს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს, ეს თარიღი ტრაგედიად უქცია, ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან. თუმცა, დღესაც ჩვენი დელეგაცია ჟენევაში და მთლიანად სახელმწიფო, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ მკვლელობაში დამნაშავეები დაისაჯონ და მომავლში აღარ ხდებოდეს, ის რაც ოკუპაციის პირობებში ხდება. იმ მიზნებს მივაღწიოთ მშვიდობიანად, რასაც არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დათო ბაშარული და უამრავი ჩვენი ახალგაზრდა შეიარაღებული დაპირისპირებების, რუსული აგრესიის დროს შეეწირა. ასევე, ჯერ კიდევ გამოსაძიებელია ირაკლი კვარაცხელიას საქმე.
„მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ ჩემი და სახელმწიფოს სახელით. გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გმირია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.