შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ომის ეროვნული კოლეჯის სტუდენტებსა და სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, განგრძობადი ოკუპაციის შედეგად ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა პრობლემებზე, რომლებთან გამკლავებაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს.
საუბარი რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკასა და ამ პოლიტიკის შედეგებსაც შეეხო. ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ნაბიჯებზე, რომელთაც საქართველო რუსეთის პოლიტიკას უპირისპირებს.
ამ მხრივ ყურადღება დაეთმო სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელმაც სტუმრებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა ყველა ის ასპექტი, რომელთაც ინიციატივა მოიცავს. აღნიშნა, რომ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ უკვე აქტიური იმპლემენტაციის პროცესშია. ისაუბრა შეღავათებზე, რომლითაც ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ისარგებლებს.
შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. სტუმრებმა არაერთი კითხვა დასვეს როგორც ოკუპაციის შედეგებზე, ისე სამშვიდობო პროექტებსა და მათ მნიშვნელობაზე, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.