შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის შუალედური ანგარიშის წარდგენასა და 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, გასულ წელს დიდი მოცულობის სამუშაო შესრულდა და კიდევ უფრო მეტი გეგმაა მიმდინარე წელს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გეგმები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას უკავშირდება.
„ეს განსაკუთრებული რეგიონია, რომელიც ფაქტობრივად მავთულხლართებითაა დაჩეხილი. მისი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ სოფლებისათვის და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ, არამედ მთლიანად საქართველოსათვის, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისათვის და რაც მთავარია, ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დღეს მავთულხლართებს მიღმა იზოლაციაში არიან დარჩენილები. მათთვის ამ სოფლების განვითარება მომავლის პერსპექტივას ნიშნავს.
„მომავალშიც აუცილებლად ერთად ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ, რათა გამყოფი ხაზების გასწვრივ კიდევ უფრო მეტი განვითარების პერსპექტივა გაჩნდეს, ადამიანები საკუთარ მიწაზე დამაგრდნენ, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით ახალი შესაძლებლობები გაიხსნას და ამან ხალხს დამატებითი შემოსავალი მოუტანოს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩემთვის ეს რეგიონი განსაკუთრებულია და რა თქმა უნდა, ყველა ინიციატივას, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს, ასევე აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს, მხარს მაქსიმალურად დავუჭერთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.