შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორსა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ლუიზა ვინტონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობაც მიმოიხილა და გაეროს მუდმივ კოორდინატორს მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე. ამ კუთხით სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს განსაკუთრებულ როლს და მისი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს აფხაზეთის რეგიონში გაერო-ს ჩართულობა და მისი სხვადასხვა ოფისების საქმიანობა, განიხილეს მიმდინარე პროექტების შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაერო-ს მნიშვნელოვან წვლილზე აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით და ლუიზა ვინტონს მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეები ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.