შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან მაია ცქიტიშვილთან ერთად პანკისის ხეობაში იმყოფება, სადაც შეხვედრები იმართება.
თავდაპირველად მინისტრები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათთან ხეობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს. საუბარი სხვა თემებსაც შეეხო. მათ შორის განათლების მიმართულებით მოსალოდნელ ცვლილებებს, ტურიზმის განვითარების მიზნით დაგეგმილ ნაბიჯებს, ჰესებს და ა.შ. შეხვედრას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც - მედიკო მარგოშვილი.
„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ვარ ხეობაში. პანკისში თვენახევრის წინაც გახლდით, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შევხვდით. დღეს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად ვიმყოფები აქ იმისათვის, რომ კიდევ უფრო ხელშესახები და კონკრეტული გავხადოთ ის გეგმები, რომლებიც მთავრობას პანკისის ხეობისა და ზოგადად სხვადასხვა რეგიონის განვითარების თვალსაზრისით აქვს. მოგეხსენებათ, მთავრობის პრიორიტეტი რეგიონების გაძლიერებაა.
„ხეობის განვითარებასთან ერთად ჩვენი ამოცანა, ბუნებრივია ისაა, რომ პანკისის მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. აბსოლუტური პრიორიტეტი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, ბუნებრივია, განათლება გახლავთ. ახლა სწორედ ახალგაზრდების ჯგუფს შევხვდით მათი ინიციატივით და მოხარული ვიქნები, თუ ხეობიდან კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება. ამას მხოლოდ წავახალისებთ. მე მათ კონკრეტულ გეგმებზე ვესაუბრე. მათ შორის იმ შესაძლებლობებზე, რაც უმაღლესი განათლების საფეხურზე პანკისის ხეობის ახალგაზრდებისათვის გამოყოფილი კვოტების გაზრდის თვალსაზრისით არსებობს. ზოგადად, განათლების მიმართულება სახელმწიფოსათვის უმთავრესი პრიორიტეტი ხდება, მათ შორის ბიუჯეტიდან ასიგნებების თვალსაზრისით და მგონია, რომ ეს ხეობაზეც თავის დადებით ეფექტს აუცილებლად იქონიებს,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოგვიანებით მინისტრებმა სოფელ მატანში გადაინაცვლეს, სადაც მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა. მათ სოფლის მაცხოვრებლებისაგან მატანის და ზოგადად, ხეობის საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ისაუბრეს გამოწვევების გადაჭრის გზებსა და გეგმებზე.
პანკისის ხეობაში შეხვედრები გრძელდება.