შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გორში სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორისა და ადილობრივი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
მასზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) 2019 წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს IPRM-ის მიმდინარეობის შესახებ, თემებზე, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრებზე განიხილებოდა და ხაზი გაუსვეს მისი შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობას.
„ეს შეხვედრები ტრადიციულია. უკვე რამდენიმე წელია ტარდება. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილება ის საკითხები, რომლებიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრებზე იყო დასმული.
„დღევანდელ შეხვედრაზე ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. დაისვა საინტერესო კითხვები, რომლებზეც მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გავეცით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან სასარგებლოა და მომავალშიც აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოსახლეობის ინფორმირება იმაზე, თუ რა ხდება მოლაპარაკებებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მიმდინარეობს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ.