შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზის” სანერგე მეურნეობა მოინახულეს.
სანერგე მეურნეობა ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ სოფლის მეურნეობის პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში შექმნა. იგი გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული. ფერმერმა ამერიკული ჯიშის კაკლისა და ნუშის ნერგები რამდენიმე ათას ჰექტარზე გააშენა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, გიორგი მჭედლიძის სანერგე მეურნეობა ყველაზე თვალსაჩინო განაცხადია იმისა, თუ რა არის საქართველოს პოლიტიკა და რომ მავთულხლართები განვითარებით, შრომისმოყვარეობითა და საქმით აუცილებლად დაიშლება.
„ვფიქრობ, რომ ეს სანერგე მეურნეობა მარტო მეურნეობა არ არის. თუ ჩვენ დღეს პატრიოტიზმზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ აქ ყველაფერი თავს იყრის. ამ ადამიანმა საკუთარი შრომით, მონდომებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ზედ საოკუპაციო ხაზთან უზარმაზარი მეურნეობა გააშენა. ამით ის არა მხოლოდ ამ მეურნეობისა და ნიქოზის განვითარებისათვის ზრუნავს, არამედ ძალიან ძლიერ გზავნილს აგზავნის მეორე მხარეს, საიდანაც ადამიანები ამას უყურებენ და ხედავენ, რომ განვითარებაა ერთადერთი გზა მომავლისაკენ და არა ის მავთულხლართები, რომლის იზოლაციაშიც დღეს არიან.
„ეს ადამიანი ასევე აპირებს, რომ აქ ქართულ-ოსური მეგობრობის ხეივანი გააშენოს. მგონია, რომ მისი ეს განზრახვა ძალიან კარგად გამოხატავს ამ პატრიოტულ სულისკვეთებას და იმას, რის თქმაც თავისი საქმით უნდა - ეს არის შერიგების გზავნილი. ნიქოზი ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია იმისა, რომ მავთულხლართებს განვითარებით უნდა დავუპირისპირდეთ. მთავრობის თანხმობა არსებობს და ჩვენ გავაგრძელებთ სოფლების, მოსახლეობის მხარდაჭერას, რათა განვითარდნენ, ასეთი მეურნეობები გააკეთონ, თავადაც მიიღონ სარგებელი და, რა თქმა უნდა, ამ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ მავთულხლართების დანგრევა. კონტრასტი თვალსაჩინოა - გაიხედეთ იქით მხარეს და შეხედეთ რა ხდება კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეუძლებელია მუდმივად იზოლაციაში დაატყვევო პერსპექტივაწართმეული ადამიანები მაშინ, როდესაც ისინი ცხვირწინ განვითარების პერსპექტივას ხედავენ. გამყოფი ხაზებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ნიქოზშიც და სხვა სოფლებშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. ამისათვის განვითარების სტრატეგია გვაქვს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.