შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შინდისში იმყოფებოდა, სადაც მიცვალებულთა მოხსენიების დღეს შინდისში დაღუპულ 17 გმირს პატივი მეუღლესა და შვილებთან ერთად მიაგო.
„პირველ რიგში, მინდა მთელ საქართველოს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს პატივი მივაგეთ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და თავისუფლებას შეწირეს. მე დღეს აქ შვილებთან ერთად მოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ მათი სახელები ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს. იცოდეს, რომ ჩვენი თავისუფლება ასეთ გმირობებზე დგას. ასევე უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მშვიდობით, მსხვერპლის გარეშე აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ამ ბიჭებმა თავი გაწირეს.
„მინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად მივულოცო იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ და გადაადგილების თავისუფლება არ აქვთ. არ აქვთ ოჯახებთან გაერთიანების, ნათესავების მონახულების შესაძლებლობა მარტივად, მაგრამ ცხოვრებას მაინც აგრძელებენ. მინდა მათ და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართებით გახლეჩილ სოფლებში ცხოვრობენ, დავპირდე, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, რათა მათ გვერდში დაუდგეს და ასეთი მიზანმიმართულობით, შეუპოვრობით, შრომით, საქმით, აუცილებლად დავძლიოთ მახინჯი მავთულხლართები და ის საოკუპაციო პოლიტიკა, რომელიც უამრავი ადამიანისათვის ყოველდღიური გამოწვევაა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.