შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე მდგარი სირთულეები იყო.
მხარეებმა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ განხორციელების მიმდინარეობა მიმოიხილეს და იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომლებიც იმპლემენტაციის პროცესში უკვე გადაიდგა. აღინიშნა ის სარგებელი და სიკეთეები, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა ინიციატივის განხორციელების შემდეგ ისარგებლებს.
შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.