შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მოსახლეობას ხვდება. შეხვედრის მიზანი მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება და კითხვებზე პასუხის გაცემაა.
„ხელისუფლებას სრული მზაობა აქვს, რომ მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია ჰქონდეს, რადგან ესაა ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომლითაც ყველა საკითხი უნდა გადავჭრათ და დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, იმ ნდობაზე დაფუძნებულ და ძალიან აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც მოსახლეობასთან იყო. ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო გავაძლიეროთ, თუკი ამის საჭიროებაა და საკითხები ამ რეჟიმში განვიხილოთ.
„დღეს მოსახლეობისაგან მოვისმენ კონკრეტულად იმას, რაც მათ აინტერესებთ. ჩვენ გვაქვს პანკისის განვითარების გეგმა და ხედვა, რომელშიც მოსახლეობის ნაწილი უკვე ჩართულია და ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ეს არ არის ერთადერთი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ქეთევან ციხელაშვილმა.
პანკისის ხეობის მაცხოვრებლების ნაწილს ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში რამდენიმე დღის წინაც შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, პანკისელებმა სახელმწიფო მინისტრს ის საკითხები გააცნეს, რომელიც ხეობის მაცხოვრებლებს აწუხებს და ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ინტენსიურობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.