შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩავიდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, რომელსაც მათ შორის სახალხო კრების წარმომადგენლები, უხუცესები და ქალთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, მოსახლეობას თითოეული იმ თემის წამოჭრისა და კითხვის დასმის საშუალება მიეცა, რომელიც მათთვის აქტუალური და საინტერესოა. სახელმწიფო მინისტრმა თითოეულ კითხვას უპასუხა.
„კონსტრუქციული შეხვედრა იყო. არის თანმხვედრი მზაობა ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხრიდან, რომ დიალოგი გაგრძელდეს და კომუნიკაცია კიდევ უფრო გააქტიურდეს იმ საკითხების განსახილველად, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და რაც პანკისის ხეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. კომუნიკაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია და აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობა, ან ისეთი ეპიზოდი, რაც საუბედუროდ 21 აპრილს ხეობაში მოხდა. ვფიქრობ, რომ ამაზე საერთო შეთანხმება არსებობს.
„მოსახლეობას ჰქონდა კონკრეტული მოსაზრებები, რომლებიც მოვისმინე. ასევე ვისაუბრე პანკისის ხეობის განვითარების გეგმაზე, რომელიც ძალიან მოცულობითია და ბევრ სფეროს მოიცავს. საბოლოო ჯამში, ერთი სურვილი გვაერთიანებს - ხეობის განვითარება. ქვეყნის განვითარება რეგიონების განვითარებაზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, ამაშიც სრული თანხვედრაა. მგონია, რომ ეს ახალი ეტაპის დასაწყისია - დიალოგისა და კომუნიკაციის განახლება, რომელიც ორი კვირის წინ იყო და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიური გახდება სხვადასხვა ჯგუფთან, დაინტერესებულ პირებთან, ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება. იმის რესურსი, რომ ყველაფერი მოსახლეობის ჩართულობისა და კომუნიკაციის გზით გადაწყდეს, ძალიან მაღალია, რადგან არის მზაობა, კონკრეტული ხედვები და გეგმები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.