შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდების შესახებ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ დამსწრე საზოგადოებას დისკუსიების მიმდინარეობა გააცნეს. ისაუბრეს ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგში მდგარ თემებზე. იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
ხაზი გაესვა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღინიშნა, რომ ეს სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს სძენს.
“აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრა უკვე ტრადიციულია და ერთობლივი პარტნიორობით წლების განმავლობაში ტარდება. შეხვედრები ყოველთვის საკმაოდ საინტერესოა. მას ესწრებიან როგორც სხვადასხვა უწყების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ის ადამიანები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოლაპარაკებების პროცესში არიან ჩართულნი. ნებისმიერ კითხვაზე, რაც სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდათ, ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული. აღნიშნული ტიპის შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით აგრეთვე წარსდგნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და ა.შ.
აღნიშნული შეხვედრა ტარდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.